მე–20 საუკუნის უდიდესი სიურეალისტი მხატვარი – სალვადორ დალი საკუთარ “უჩვეულო ავტოპორტრეტს” ქმნის თავის ავტობიოგრაფიულ რომანში “სალვადორ დალის იდუმალი ცხოვრების ამბავი,” რომელიც გამოსცა 1942 წელს. მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე გენიალურია, როგორც მხატვრული – მისი წიგნი ბეტსელერად იქცა. წიგნში ” მაგიური ოსტატობის 50–საიდუმლო” დალი წერს:
“ექვსი წლისას მინდოდა გავმხდარიყავი მზარეული, შვიდისას ნაპოლეონი – მე ის ვერ გავხდი, თხუტმეტი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი დალი – მე ის გავხდი. ოცი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი მსოფლიოში ყველაზე განთქმული მხატვარი – მე ეს გამომივიდა. ოცდათხუტმეტი წლისას მსურდა მიმეღწია წარმატებისა და კეთილდღეობისთვის– ეს მე მაქვს.ორმოცდახუთი წლის ასაკში მსურდა შემექმნა შედევრი და გადამერჩინა თანამედროვე ხელოვნება ქაოსისა და უმაქნისობისაგან –რასაც მივაღწიე.
სალვადორ დალი ცნობილია თავისი ექსცენტრიულობით, რაც კარგად ჩანს მის გამონათქვამებში: “ექსცენტრიულობა ჩემი ხვედრია,” “რით ვიკვებები – ვიცი, რას ვსაქმიანობ – არა!” “ადამიანის სხეულის ყველაზე ფსიქოლოგიური ორგანო მისივე ყბებია,” ” ჩემი განცდები უწონადია და საპნის ბუშტივით მყიფე,” “ჩემივე ისტერიული ქმედებები მევე მტოვებენ სახტად.”
ცნობილი მწერალი შტეფან ცვაიგი აღაფრთოვანა დალის ნიჭიერებას. მის შესახებ ის ამბობდა, რომ “ესპანელის უფრო სრულყოფილი მაგალითი ჯერ ცხოვრებაში არ შემხვედრია – დალი ნამდვილი ფანატიკოსია.
სალვადორ დალი 1904 წლის 11 მასის დაიბადა ესპანეთში, კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. იგი მშობლებმა მიაბარეს საჯარო სკოლაში, სადაც იგი გამოირჩეოდა სამაგალითო ზრდილობით, მაგრამ სალვადორი იმდენად ზარმაცი იყო , რომ სწავლაში მისი წინსვლა გამორიცხული იყო. მასწავლებელმა საერთოდ დაანება თავი, რადგან სალვადორი უცოდინრობის დასაფარავად ხან რა ბნედას მოიგონებდა ხოლმე, ხან რა უბედურებას. არითმეტიკის საფუძველშივე გაიხლართა და ვერც გამრავლების ტაბულას გაართვა თავი. მაგრამ სალვადორმა 9 წლის ასაკში მიმეზისის ფენომენი აღმოაჩინა და მისი ახსნის საყოველთაო თეორიაც შექმნა. მშობლებმა სალვადორი მიაბარეს მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში სახვითი ხელოვნების შესასწავლად. შემდეგ მან გააგრძელა სწავლა მარისტების ორდენის აკადემიაში. 11 წლის სალვადორი ქალაქ კადაკესში ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. 16 წლის დალი აწყობს თავის პირველ პერსონალურ გამოფენას. 18 წლის სალვადორი მიემგზავრება მადრიდში სწავლის გასაგრძელებლად სან–ფერნანდოს აკადემიაში. მადრიდში სალვადორი ეცნობა ესპანელ ხელოვანებს – ლუი ბუნიუელს, ფედერიკო გარსია ლორკას და პედრო გარფიასს.
მადრიდში დალი თავის ნახატებში ცდილობს დადაიზმისა და კუბიზმის შერწყმას. სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და დაუდევრობის გამო. 1926 წელს იგი მიემგზავრება პარიზში. 20–იან წლებში სალვადორ დალი განიცდის პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენას. კუბიზმის ზეგავლენით დალი ქმნის თავის სიურეალისტურ შედევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად დალი მონაწილეობს სიურეალისტური ფილმის “ანდალუზიური ძაღლის” შექმნაში. ამ დროს დალი ხვდება თავის მომავალ მეუღლეს გალას (ელნე დიაკონოვას),რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე იყო. გალას ფენომენი დალის მომავალი ესთეტიკის ქვაკუთხედად იქცა. დალი აწყობს გამოფენებს, პოპულარობას იხვეჭს. ერთიანდება ანდრე ბრეტონის მიერ შექმნილ სიურეალისტების ჯგუფში. მაგრამ დალი უთანხმოებაში მოვიდა “სიურეალისტების ჯგუფთან,” რომლებიც ფრანკოს რეჟიმის დროს მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გარიცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან ფრაზა “სიურეალიზმი – ეს მე ვარ.” ამასთან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა “Avida dollars”, შექმნა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა. შემდეგ დალი მოღვაწეობს ამერიკაში. 1981 წელს დალი და გალა ბრუნდებიან ესპანეთში და სახლდებიან ფიგერასში. სალვადორი პარკინსონის დაავადებით დასნეულდა.
1982 წელს გალა გარდაიცვალა. 1989 წლის 23 იანვარს კი გარდაიცვალა სალვადორ დალი და დაკრძალულია ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოში. სალვადორ დალიმ შექმნა 1969 წელს “ჩუპა–ჩუპსის” ლოგოტიპი და სლოგანი.
სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოს: “პიკასო ესპანელია,მეც ესპანელი ვარ, პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ, პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ, მეც მიცნობენ, პიკასო კომუნისტია, მე კი – არა.”
სალვადორ დალიმ, სიურეალისტური რევოლუციის წამომწყებმა, შეისწავლა ღვთისმეტყველებაც, მაგრამ არასოდეს გარეულა პოლიტიკაში. სიკვდილის წინ სალვადორ დალიმ აღიარა, რომ მას “არავითარი რწმენა არ გააჩნია და შიშობდა, რომ სასუფევლის დამკვიდრების შანსიც მცირე ჰქონდა.”
წყარო: სალვადორ დასლის – რომანი “სალვადორ დალის იდუმალი ცხოვრების ამბავი”
სალვადორ დალი – ” მაგიური ოსტატობის 50–საიდუმლო”
No comments:
Post a Comment